ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2026 წლის 18-19 ივნისს გაიმართება სტუდენტთა მე-12 საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტს ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.
აბსტრაქტები მიიღება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა მიმართულებიდან: სოციოლოგია, სოციალური მუშაობა, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, პოლიტიკის მეცნიერება, მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები.
მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია“. მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 26 აპრილს დასრულდება ხელმძღვანელების თანხმობების მიღების ვადაც. ვისი თანხმობაც არ იქნება მიღების დასრულების დროისთვის, მისი აბსტრაქტი კონკურსზე არ განიხილება. ამიტომ, გთხოვთ, გქონდეთ კომუნიკაცია ხელმძღვანელთან, რათა მასაც გააცნოთ ვადები. ასევე, გადაამოწმეთ ხელმძღვანელის თანხმობის ადრესატებიც, რომ მხოლოდ თქვენ არ იყოთ მითითებული საპასუხო წერილში და თანხმობა სამეცნიერო სამსახურმაც მიიღოს.
აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 9 მაისამდე.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge .